შინაური და გარეშე მტრებისაგან შევიწროებულმა
ერეკლე მეფემ გადაწყვიტა ქვეყნის მომავალი რუსეთისთვის დაეკავშირებინა. მეფეს მიაჩნდა,
რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ–კახეთის შემდგომ წინსვლას და მის სამეფოს
გარეშე მტრებისაგან დაიცავდა.
1783 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე
ციხე–სიმაგრე გეორგიევსკში დაიდო მეგობრობის ტრაქტატი რუსეთსა და საქართველოს შორის,
რომელიც რუსეთს ავალდებულებდა გარეშე მტერთან ბრძოლაში დახმარება გაეწია საქართველოსთვის.
სამწუხაროდ, გეორგიევსკის ტრაქტატის
არც ერთი პუნქტი არ შესრულდა, რუსეთი არ დაეხმარა საქართველოს მისთვის მნიშვნელოვან
საქმეში – გარეშე მტერთან ბრძოლაში და 1795 წელს კრწანისის ომში ქართველები მარტონი
აღმოჩნდნენ აღა–მაჰმად–ხანის ურდოების წინაშე.
ქართველთა დამარცხება საბედისწერო
აღმოჩნდა. მართალია აღა–მაჰმად–ხანმა ძალიან მალე დატოვა საქართველო, მაგრამ ქვეყანა
წელში ვერ გაიმართა. დამარცხების სიმწარე ვერ გადაიტანა ერეკლე მეფემაც და 1798 წელს
გარდაიცვალა.
1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე
I–მა
გამოსცა მანიფესტი, რომლის მიხედვით ქართლ–კახეთის სამეფო გაუქმდა და საქართველო თბილისისა
და ქუთაისის გუბერნიების სახით შეუერთდა რუსეთს. ათიოდე წლის შემდეგ საქართველოს უკანასკნელი
პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია
გაუქმდა, დაექვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს, ორი ათასწლოვან ეკლესიას კი სათავეში
ჩაუდგა რუსი ეგზარქოსი. საქართველომ დაკარგა ის, რაც მიუხედავად უამრავი მტრისა და
გაჭირვებისა, საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა – დამოუკიდებლობა და საპატრიარქო კათედრა.
ქვეყანაში წინააღმდეგობის ტალღა აგორდა
– 1804 წლის მთიულთა აჯანყება, 1812 წლის გლეხთა აჯანყება კახეთში, 1832 წლის შეთქმულება
იყო ქართველი ხალხის პასუხი რუსეთის იმპერიის ვერაგულ გადაწყვეტილებაზე.
ქართველი პოეტი – „ყველაზე დიდი რომანტიკოსი
რეალისტთა შორის და ყველაზე დიდი რეალისტი რომანტიკოსთა შორის“ – ნიკოლოზ ბარათაშვილი
1817 წელს დაიბადა. ის ერეკლე მეფის პირდაპირი ჩამომავალი იყო – ნიკოლოზის დედა, ეფემია
ერეკლეს ქალიშვილის, ელენეს შვილიშვილი იყო.
პატარა
ტატო ყრმობიდანვე მძაფრად განიცდიდა ქართლის
ბედს. პოეტის ოჯახში იკრიბებოდნენ ისტორიული პიროვნებანი, რომელთა საუბარი გამოულეველ საზრდოს აწვდიდა ნიჭიერი ბავშვის ფანტაზიას. ყრმა ბარათაშვილი გატაცებით ეწაფებოდა მათ ნაამბობს. ქართლის ბედი და მეფე ერეკლე მათი საუბრის მთავარი თემა იყო.
ქვეყნის ბედისადმი ფაქიზი და მტკივნეული
დამოკიდებულება გაიზარდა გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, სადაც მას 1832 წლის შეთქმულების
ერთ–ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა.
თავისი ერთადერთი ეპიკური ნაწარმოები
„ბედი ქართლისა“ ნიკოლოზ ბარათაშვილმა
1839 წელს დაწერა. პოემაში ნათლად ჩანს ის გულისტკივილი და ერთგვარი გაუცხოება, რომელსაც
22 წლის ჭაბუკი განიცდიდა.
პოემაში „ბედი ქართლისა“ ასახულია საქართველოს გმირული წარსულის დაუვიწყარი მოვლენა – კრწანისის ბრძოლა, რომელიც გადაიხადა ერეკლე მეორემ თბილისის კარებთან 1795 წელს. ნ. ბარათაშვილი
დიდი ექსპრესიით გადმოგვცემს
ქართველი მხედრების უთანასწორო ბრძოლას
კრწანისის ველზე აღა-მაჰმად- ხანის ურიცხვ ურდოებთან. ომის ქარცეცხლი, ნაღარის ხმა, აბჯრის მსხვრევა, სისხლით შეღებილი მტკვარი აცოცხლებს ქართლის ცხოვრების ერთ ტრაგიკულ დღეს, როცა
ქართველებმა საარაკო გმირობა აჩვენეს. პოემის ფურცლებზე ჩვენ ცოცხლად ვხედავთ პატარა კახს, რომელიც თავისი მაგალითით „შთაუდგამდა სულს ვაჟკაცობას“ ქართულ ჯარს; პოემაში ცოცხლდებიან ისტორიული გმირები კრწანისის ველისა – თამაზ ენისენთ მოურავის ძე და იოანე, კახთ აბაშიძე.
ვერც ქართველი ვაჟკაცების უზენაესი გმირობა და ვერც ნარიყალისა ზღუდენი ვერ აღუდგნენ აღა-მაჰმად-ხანის ურიცხვ ურდოებს. ირანის მრისხანე შაჰი თბილისში შემოიჭრა და
მიწასთან გაასწორა ათას ხუთასი წლის ქალაქი.
ნაწარმოების
მთავარი არსი მეორე კარშია გადმოცემული. რა ქნას მეფემ? რა გზას დაადგეს გავერანებული,
წელში გაწყვეტილი ქვეყანა? როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე? აი, კითხვები,
რომლებიც აწუხებთ მეფე ერეკლეს და მის ერთგულ მსაჯულს სოლომონ ლიონიძეს.
სამწუხაროდ,
კრწანისის ბედი ღალატმა გადაწყვიტა – თბილისის კედლებიდან უკუქცეული აღა–მაჰმად–ხანი
მოღალატეებმა დააბრუნეს. ღალატის შედეგად კრწანისის ომის წაგების შემდეგ ერეკლე მტკივნეულად აცნობიერებს, რომ ეს მარცხი მთავარ ბრძოლაში მის მიერ განცდილი დამარცხების გამოხატულებაა – ამაო გამოდგა ბრძოლა ქართველების სულიერი და მორალური გამთლიანებისთვის, მათ გასაერთიანებლად.
ერეკლე მეორე დიდი სიბრძნით უშლის თვალწინ სოლომონ მსაჯულს ქართლის ცხოვრების ტრაგიკულ ვითარებას, შინაგან ქიშპობას, გარეშე მტრების – სპარსთა, ოსმალთა და ლეკთა მძვინვარებას. მეფე შეურყეველი მაგალითებით უსაბუთებს თავის ერთგულ მსაჯულს სახელმწიფო კრიზისს და ამცნობს თავის გადაწყვეტილებას – საქართველოს რუსეთთან შეერთებას, რათა „მან მოსცეს
ქართლს კეთილდღეობა“.
მეფის გადაწყვეტილებას წინ აღუდგება
მისი მრჩევლის შეუვალი სურვილი ქვეყნის დამოუკიდებლობისა. სოლომონ ლეონიძე პატრიოტული
გზნებით ეპაექრება მეფეს, რომ თავისუფლების „განსყიდვა“ უდიდესი ეროვნული უბედურებაა.
მისი არგუმენტი მკაცრი და შეუვალია: „ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!“
მეფე თავის გადაწყვეტილებას ამართლებს
იმით, რომ რუსეთი ძლიერი, ერთმორწმუნე მართლმადიდებელი
ქვეყანაა, მასთან შეერთებით საქართველო მშვიდობასაც ნახავს და სპარსეთზეც ამოიყრის
ჯავრს.
ერეკლე მეორე ცდილობს აუხსნას აღელვებულ
მსაჯულს, რომ მეფის გადაწყვეტილება თავისუფლების ღალატი კი არ არის, არამედ სახელმწიფოებრივი
ცხოვრების ისტორიულად გარდაუვალი ფაქტის შემეცნების ნაყოფია. რეალობიდან გამომდინარე
არსებობს მხოლოდ ორი გზა, ერთს მივყავართ სრული ეროვნული კატასტროფისაკენ, მეორეს
– თავისუფლების დროებით დაკარგვით – ეროვნული სიცოცხლის შენარჩუნებისაკენ. კრწანისის
ტრაგიკული შედეგის შემდეგ ქვეყანამ ფიზიკური გადარჩენისთვის უნდა იზრუნოს, ზნეობრივად
ამაღლდეს და იბრძოლოს ხელახალი აღორძინებისთვის.
სოლომონ ლიონიძისთვის მიუღებელია
ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა, მისთვის ამ ეროვნული ტრაგედიის მიღების ნებისმიერი
არგუმენტი ფუჭია. ის მედგარ წინააღმდეგობას უწევს მეფეს, უმტკიცებს, რომ თავისუფლების
„განსყიდვა“ უდიდესი ეროვნული უბედურებაა. მეფე ერეკლე და სოლომონ მსაჯული – მე-18
საუკუნის ეს ორი დიდი ნებისყოფის ადამიანი, მტკიცედ რჩება საკუთარ აზრზე, მაგრამ მეფე
თითქოს ანგარიშს უწევს ერთგული მსაჯულის პატრიოტულ აღტყინებას, ემორჩილება მის სურვილს,
თუმცა ხედავს, „რომ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება“.
მარტოდ დარჩენილი სოლომონი მძიმე
და ღრმა ფიქრს მისცემია, მისი საფიქრალი სახელმწიფოს მოწყობის პრინციპი გამხდარა. აქ
პოეტი სოლომონ ლიონიძეს გამოათქმევინებს საკუთარ პროგრესულ კონცეფციას რესპუბლიკურ
– კონსტიტუციური წყობილების შესახებ:
მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
და რად ივიწყებ, რომე მარადის
ერსა ეკუთვნის გულის თქმა მეფის!
ამ სიტყვებს ამბობს მეფის ერთგული
მრჩეველი, მონარქიული წყობის ერთ–ერთი დამცველი და აპოლოგეტი. რა ხდება? ისტორიული
მასალებით არ მტკიცდება სოლომონ ლეონიძის რესპუბლიკური მისწრაფებანი. პოეტმა ისტორიულ
პიროვნებას შთაბერა მოწინავე იდეა საკუთარი ეპოქისა.
სახლში მისულ სოლომონს მეუღლე ხვდება,
ის სოფიოს უხსნის ქვეყნის კრიტიკულ მდგომარეობას და აუწყებს მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებას.
საქართველოს რუსეთთან შეერთების პერსპექტივა
თავზარს სცემს სოფიოს. ღირსეულ ქართველ ქალს ვერ ხიბლავს ის ყალბი ბრწყინვალება, განცხრობა,
ფუფუნება, რაც მას ელის რუსთ ხელმწიფის კარზე. იგი უმალ სიკვდილს ირჩევს, ვიდრე თავისუფლების
დაკარგვას შეეგუება. სოფიოსთვის არ არსებობს თავისი ქვეყნის სიყვარულზე აღმატებული
ბედნიერება, მისთვის წმიდათა წმიდაა სამშობლოს თავისუფლება, რომელსაც არ გაცვლის არავითარ
დიდებაზე.
ნიკოლოზ ბარათაშვილი აღფრთოვანებულია
სოფიოს გამჭრიახობით, ერთგულებით, სამშობლოსადმი სიყვარულით, შენატრის სოფიოს მსგავს
ძველ ქართველ დედებს და აღტაცებული მიმართავს მათ კეთილშობილ აჩრდილებს:
ჰოი დედანო, მარად
ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა
ტკბილ სახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ
ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?
პოემის უკანასკნელი სურათი – ერეკლე
მეფის მწუხარე აჩრდილი თბილისის ნანგრევებზე – სიმბოლური გამოხატულებაა ქართველი ერის
ტრაგიკული მდგომარეობისა.
ქვეყნის შემდგომი არსებობის ორი გზა
– ფიზიკური გადარჩენა ან თავისუფლება, ეს არის საფიქრალი, რაც ლაიტმოტივად გასდევს
პოემას. პოეტს თავისუფლება უნდა, მაგრამ ცდილობს გაგებით მოეკიდოს თავისი დიდი წინაპრის,
სათაყვანო გმირის, მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებას, ამიტომ ერთგვარ ანაქრონიზმსაც უშვებს,
თითქოს კრწანისის ველზე სასტიკი დამარცხების შემდეგ მიიღო მეფემ საქართველოს რუსეთთან
შეერთების გადაწყვეტილება. პოეტი ცდილობს ამით ახსნას პატარა კახის საბედისწერო ნაბიჯი.
პოემაში „ბედი ქართლისა“ ნიკოლოზ
ბარათაშვილმა ძალზე ორიგინალურად დაგვანახა სასურველი და რეალური. ის დამოუკიდებლობის
მოტრფიალეა, მაგრამ მწარე რეალობას თავისუფლების დათმობამდე მივყავართ.
Thackerville T-Shirt.com. - Titanium Mesh
ReplyDeleteBuy Thackerville T-Shirt.com - Titanium titanium chloride Mesh in titanium meaning Sterling Silver and start with titanium dive watch 4 stars! T-Shirts will be ford escape titanium available on pure titanium earrings this website.