Tuesday, 15 December 2015

გრიგოლ ორბელიანი

გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი 1800 წელს 2 ზოგიერთი
ცნობის მიხედვით 14 ოქტომბერს
გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს
უკანასკნელ მეფეებთან მსახურობდა და მათთან ნათესაური
კავშირითაც იყო დაკავშირებლი. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის
ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი
ბაგრატიონებს ენათესავებოდა.ხორეშანი იშვიათი სულიერი და
ზნეობრივი თვისებების მქონე ქალი იყო.
გრიგოლი დაიბადა იმ დროს როდესაც ძველი დროების რეჟიმი გაქრა
და ახალი დროის რიჟრაჟი ჯერ კიდევ სიბნელით არის გარემოცული.
ზურაბს გრიგოლის მამას საკუთარი კარის ეკლესია ჰქონდა საკუთარი
მღვდელი ჰყავდა და აქედან გამომდინარე გრიგოლს ბევრი ისეთი
ღონისძიება უნდა ჰქონოდა რაც უმრავლესობას არ ჰქონდა. გრიგოლს
ბავშობიდანვე დედისგან ჩანერგილი ჰქონდა: ღვთის შიში, ერთგულება
მამულის, განუზომელი პატივისცემა მშობელბისა და ნათესავებისადმი
და წესიერებისა და თადარიგის სიყვარული.
ბავშობაში მასზე დიდი გავლენა მოახდინა იმ ლაპარაკებმა რაც მის
ოჯახში იყო მეფე ერეკლეს გარდაცვალება, აღა-მაჰმადის ქართლის
აოხრება, ბატონიშვილთა ყურთაგლეჯა მანიფესტი და სხვა. ამ
ყველაფერმა მოახდინა მისი გონებრივი არსის, ნორჩი გამოხატულების
და შტაბეჭდების მთელ მის ზნეობრივობაზე და გონების არსზე
ჩამოყალიბებაში.
გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის
დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის
ცნობილი მწიგნობარი იყო შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს
მიუყვანიათ კეთილშობილთა სასწავლებელში. დამთავრებამდე
გრიგოლ ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო
სკოლაში. 16წლის ასაკში მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე
საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 20 წლის ასაკამდე დაჰყო

Monday, 7 December 2015

ნიკოლოზ ბარათაშვილი ტატო

ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი ოჯახიდან და მამისგან მელიტონ ბარათაშვილის დახასიათებით უნდა დავიწყოთ. მელიტონის მრისხანე ფიგურა ჯერ მფარველ ანგელოზად, მერე კი ავბედად დემონად დასტრიალებს თავს ცხოვრების ხანმოკლე გზაზე, კოჭლობით მიმავალ მის პირმშოს. მედიდური, ოქროსეპოლეტებიანი მაიორი, განჯის ოლქის მმართველის და თბილისის თავადაზნაურთა მარშალი სანახავად იყო კარგი, მაგრამ შინაურთათვის გასაძლებად კი რა მოგახსენოთ.მისი კარგი თვისებებიც კი მომლხენეობა და სტუმართმოყვარეობა უკუღმართად შემოუბრუნდა მის ოჯახს და გაღატაკებამდე მიიყვანა.

     ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ძველი თბილისის იმ უბანში, რომელსაც ,,ორბელიანთა აული'' ერქვა. მომავალი პოეტი მეტისმეტად ცოცხალი ანცი და ფხიზელი გონების ბავშვი ყოფილა. პატარა ტატოს ამ ფერადოვანი სურათისთვის შეიძლება ზზოგი მკრთალი მონახაზის მიმატება. ტამორჩლი, სახის ნაზი ნაკვთები, ბუდეშური თვალები. მისი გონების გახსნას ხელი შეუწყო შინაური სწავლის ადრეულად მიღებამაც. მას 6-7 წლის ასაკაში უკვე სცოდნია ქართული წერა-კითხვა. ათი წლის ტატო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელშ შეიყვანეს. ეს 1827 წელია. სამი წლის შემდეგ სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა, ხოლო იმავე წლის ბოლოს ნიკოლოზი, სახელმწიფოს ხარჯზე მიაბარეს პანსიონში.
      ბარათაშვილის მეგობართა წრე სწორედ გიმნაზიიდანაა: მიხეილ თუმანიშილი, დავით მაჩაბელი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ლევან მელიქიშვილი და ბოლოს - ტატოს ბიძა და ამავდოულად მეგობარი ილიკო ორბელიანი.
      
 
















„ტატოსაც პოულობენ მეგობრები პალატაში:
-         უკვე მსახურობ? - ეკითხება ყიფლიანი.
მაშ ღამით ღმერთს ვემსახურები, დღისით - ეშმაკს.
-         მუდამ ეშმაკს ემსახურე- ქონებითა და პატივით აგავსებს ვერა ხედავ, ყოველი მეათე თავადი -გენერალია!
-         რას იზამ, ბატონო ყაფლან! დრო სამკაულია და სამკაულს ხომ ყველა თავისებურად ატარებს: ზოგი თავზე, ზოგი გულზე, ზოგი მკლავზე, ზოგიც ფეხზე, დეზებად.
-         დალახვროს ღმერთმა! პალატის მოხელედ არ გვემეტებოდი, ბიჭო!
-         მე არ ვიუკადრისებ „მაგიდის უფროსობას“, რაკი ვიატკას ამავე ადილზეა ჩემი უებრო მასწავლებელი, სოლომონ დოდაშვილი!
-         დოდაშვილი შეთქმული იყო, სასჯელს იხდის.
-         მეც სასჯელს ვიხდი.
-         შენ რისთვის?
-         რომ შეთქმული არ ვიყავი.
ყიფლანი ხარხარებს. ილინსკი ცალყბად იხედება პალატისკენ: მეფის დაწესებულებაში სიცილს ვინ ბედავსო! „





  1832 წლის 22 მარტს ვაიმარშიკვდება ცისა და მიწის მესაიდუმლე საუკუნის უდიდესი პოეტური გენია - გოეთე. იმავე წელს იქნებ დღეებშიც ბარათაშვილმა მოიტეხა ორივე ფეხი.  1832 წელი კატასტროფების წელია ტატოს ცხოვრებაში: ამ წელს იტეხს ფეხს, ამ წელს მარცხდება შეთქმულება, ამ წელს კარგავს ნათესავთა და უფროს მეგობართა მთელ დასს. 15 წლისაც არ არის ტატო, როცა უბედური შემთხვევა სამუდამო დაღს უსვამს მის შემდგომ ცხოვრებას. კიბიდან გადმოვარდა ორივე ფეხი მოიტეხა, თავისთავად ეს არ არის კატასტროფა - ფეხები იღრძო თუ მოიტეხა - მოურჩა, გაუსწორეს. ისევ მხიარულ ტატოდ დარჩა, - მაგრამ მისი შედეგი სწორედ კატასტროფული ჩანს ჯერ პირადად ბარათაშვილისთვის და მერე მტელი ქართული პოეზიისთვის. პოეტი სამუდამოდ დაკოჭლდა, უბრალო ფიზიკურმა ნაკლმა გზა ჩაუკეტა საოცნებო სამხედრო სამსახურისკენ, მისი ცხოვრებაც სხვაგვარად წარიმართა და ასე თუ ისე ნაადრევი სიკვდილით დამთავრდა.
    ერთე-ერთ წერილში გრიგოლ ორბელიანი ძმას შესჩივის და ეუბნება:
   " რას სწავლობს ტატიკო? ურჩიე მელიტონს, რომ ეცადოს სახელმწიფო ხარჯზე იმის გაგზავნა რომელსამე უნივერსიტეტში. ცოდვაა, ძალიან ცოდვა იქნება, თუ მისი ბუნებრივი ნიჭიერება განუვითარებლად დარჩება. ნეტავი გამოგზავნოს დერპტის უნივერსიტეტში, რომელიც არის უპირველესი რუსეთში. ძალიან ადვილია ამის ახსრულება თუ კი მელიტონი სთხოვს ბარონს."
      მაგრამ მელიტონი ასე არ ფიქრობს, როგორც მისი უკვდავი ცოლის ძმა. დასრულდა გიმნაზიის კურსი. მიღებულია საოცნებო სიმწიფის ატესტატი. გავლილია სიყმაწვილის გზა ყვავილოვანი. კეთილი! მაგრამ შემდეგ? სამხედროში - არაფერი გამოსდის. კოჭლია და თუ არა ინვალიდთა კომანდაში, სხვაგან სად მიიღებენ! ასე უთხრა მამამ და გაუგონა, მაგრამ უნივერსიტეტი? უნივერსიტეტში ხომ კოჭლებსაც იღებენ?
მამის შუბლზე რისხვის ნაოჭი ჩნდება.
"-დამიხედეთ ნებიერს! კიდევ უნივერსიტეტი! მერე ვინ უნდა არჩინოს მოხუცი დედა, სნეული მამა? ვინ დაითხოვს ეს ქალები? ძმისა და შვილის ვალზე ხელს იღებ? გულიდან ამოგირეცხავ იცოდე." ამ დღიდან ტატოს ბაგეს აღარ დასცდენია სანუკვარი სათხოვარი. ახალგაზრდები ამთავრებენ გიმნაზიას, მაგრამ მათი ასპარეზი არსებითად არ ფართოვდება, რადგან არ არის საზოგადოებრივი ცხოვრება, პრესა, აზრთა ბრძოლა, კულტურული დაწესებულება.



ნიკოლოზ ბარათაშვილს ყრმობიდანვე ახასიათებდა უაღრესი პრინციპულობა, მისთვის უცნობი იყო ყოველგვარი კომპრომისი. იგი ვერ ეგუებოდა ირგვლივ გამეფებულ რუტინას, განსაკუთრებით ვერ იტანდა ლიტერატურულ უგემოვნებას, აზროვნების გაცვეთილ ფორმებს.
ბარათაშვილის სარკასტულმა გონებამ გაიელვა სკოლის კედლებშივე. მისი ხუმრობა, დაიცნვა, ეპიგრამები მწვავედ კენწლავდა არა მარტო ზოგ ტოლ-ამხანაგებს, არამედ უსულგულო და გონებაჩლუნგ ხელმძღვანელობასაც. მოწაფე ბარათაშვილი გაბედულად კიცხავს სასწავლებელში გამეფებულ დრაკონულ წესებს და თვით მთავარმართველებსაც კი ხდის თავისი პამფლეტის საგნად. მისი ინიაციატივით მოწინავე მოსწავლეები გესლიან ეპიგრამებს უგზავნიან მეფის ხელისუფლების უმაღლეს პირებს. სატირული ნაწერების ავტორი უმეტესად ბარათაშვილი იყო. ყრმა პოეტი არ ფარავდა თავის გულისწყრომას იმ მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც თელავდა მშობლიური ქვეყნის ინტერესებს. რამდენად გაბედული და დიდი მნიშვნელობის იყო პოეტის ზოგი ნაწერი, იქიდანაც ჩანს, რომ მთავრობამ ტატოს ერთი ეპიგრამის ხელში ჩაგდების დროს საქმის ფიცხელი გამოძიება მოახდინა და მისი ავტორი სასტიკად დასაჯა. იგი ორი კვირით კარცერში ჩასვეს, რის შემდეგაც საჯაროდ, მშობლების, ამხანაგებისა და მოწაფეების წინ გაწკეპლეს. ტატოს სკოლის ამხანაგი იგონებს, რომ ამ შემაძრწუნებელი აქტის დროს პოეტის მრისხანე მამა შეუბრალებლად გაიძახოდა: „მაგრად დაჰკარით მაგ საგაელსაო.“ დედა კი ევედრებოდა „აპატიეთო.“ ტატოს თავი ამაყად ეჭირა და დედის გამამხნევებლად ეუბნებოდა: „მე ამით ვერ მომკლავენ და ენას ვერ მომჭრიანო.“

კვდება ბარათაშვილი და იშრება წრე, რომლის სულიერი მეთაურიც ის იყო რაღაც შეუმჩნევლად, რაღაც მაგიური ძალით, რასაც ძველთა რწმენით გენია ასხივებს ხოლმე.
მრავალი წელი ისე გადის, ბარათაშვილი არავის უხსენებია. გრიგოლ ორბელიან კარგად არც კი ახსოვს, რა თანამდებობა ეჭირა განჯაში, რა ბედი ეწია მის პორტრეტს. იყო ისეთი წლები, როცა გორისელი იძულებული გახდა „ივერიაში“ ასეთი რამ ეთქვა: „ქართველმა საზოგადოებრიობამ არა იცის რა ბარათაშვილზე, მის ცხოვრებაზე, მის ნიჭსა და ვინაობაზე, როგორც არვინ იცის, რა ხდება მთვარეზე.“
მწარე აღიარებაა. თუ სრული სიმართლე არა, მისი ნაწილი მაინც არის ამ აღიარებაში. მაგრამ მოვა დრო, წმინდა აკლდამებშიაც შეანათებს მზე. და დაიწყება დიდება დავიწყებულთა.
პოეტის გარდაცვალებიდან ნახევარი წელიც არ გასულა, რომ მის პირველ სატრფოს ნინოს დღეობაზე, 1846 წლის 14 იანვარს, რევაზ ანდრონიკაშილთან თავშეყრილი ახალგაზრდები ყაფლან რობელიანს სთხოვენ „სულო ბოროტო“ გვიმღერეო. ყაფლანი საგონებელში ვარდება და მასთან მთელი საზოგადოება. არავის ახსოვს ზეპირად ეს უკვდავი ლექსი, არავის აღმოაჩნდა ხელნაწერი, უკვალოდ იკარგებიან პოეტის ქმნილებანი!
დებმა ძმის არცერთი ლექსი არ იციან. დიმიტრი ყიფიანს აღელვებს: როცა ვაქებდით, რაღაც უნდობლად იღიმებოდნენო.
ამ სამწუხარო ფაქტმა, რაზედაც ლევან მელიქიშვილი სწერს გრიგოლ ორბელიანს, ჩააფიქრა პოეტის ახლობლები და ნათესავები. გადაწყვეტილია განსვენებულის ნაწარმოებთა გამოცემა და პოეტის ძეგლის დადგმა. მოკლე ხანში ჩვიდმეტ კაცს შემოაქვს ათასი მანეთი. მელიქიშვილი სთხოვს ორბელიანს, დაწეროს წიგნის წინასიტყვაობა, გამოგზავოს პოეტის ნაწერები და სურათი და რვა თუმანი, რაც გრიგოლის ნაცვლად მის ძმას ზაქარიას შეეტანა.
ყველაზე მეტ სიზანტეს ამ საშვილიშვილო საქმეში იჩენენ პოეტის ის ნათესავები, რომელთაც თვითონ პირველთ მართებთ ამ სამის თაოსნობა. ამაოდ ევედრება ლევან მელიქიშვილი ხან გრიგოლს, ხან მის ძმას ილიას, გამომიგზავნეთ პოეტის ბიოგრაფია, ლექსები, წერილები, წინასიტყვაობა და სურათიო. ის, ვისაც ეძვნება „მერანი“, შეწირულობასაც არ გზავნის უკვდავი დისშვილისა და სკოლის ამხანაგის ქმნილებების გამოსაქვეყნებლად. დაუდევრობისა და ფუქსავატობის უფრო აღმაშფოთებელი მაგალითის დასახელება ძნელია.
ბარათაშვილის ლექსები პირველად „ცისკარში“  იბეჭდება 1852 წელს, გარდაცვაკებიდან 7 წლის შემდეგ. მისი ლექსების პირველი წიგნი კი - 1200 ცალად -გამოდის მხოლოდ 1876 წელს, გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ.
ჯერაც არ დამდგარიყო ბარათაშვილის დრო...
და მაინც ბარათაშვილი აღმოაჩინა ერთმა ადამიანმა, ჩვენი ერის მეორე დიდებამ. მისი სახელია ილია ჭავჭავაძე.
ბარათაშვილზე წერდნენ, მაგრამ წერდნენ უმთავრესად იმასვე, რასაც დიდი ხანია ამბობდნენ ნოვალისზე, ლამარტინზე, ბაირონზე, ლერმონტოვზე: რომანტიკოსია, ქალს ეტრფის, სამშობლო უყვარს, ბუნებას ებაასება და ა.შ. „აი თურმე რა ამბებია ქვეყნიერებაზე.“
ნიკოლოზ ბარათაშვილი ილია ჭავჭავაძემ აღმოაჩინა. ეს მოხდა ეკატერინე ჭავჭავაძის სახლში, ცარსკოე სელოში. აქ იხსნება დიდი რომანის კვანძი.
რაღა მაინცდამაინც ეკატერინეს სახლში?
ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია.
ცარსკოე სელოში მყოფი დედოფალი და მისი ასული სტუმრად მისულ ჭაბუკ ილიას მიართმევენ უძვირფასეს ოჯახუს განძს. ახალგაზრდა ილიას სტუმრობა ხანდაზმულ ეკატერინე ჭავჭავაძესთან უჩვეულო ამბავი არ არის. არც ის, რომ ეკატერინე შვილებს ტატოს ლექსებზე ზრდიდა. უჩვეულოა ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმოჩენა, მისი გარდაცვალებიდან თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ.
„როს წავიკითხე მისი ლექსები, ვერარა ვთქვი რა განცვიფრებულმა“, - შესახებს ილია, მხოლოდ ერთს კი „აღმოიკვნესებს დაობლებული“ და დაუმდება, რათა „მთელი კვირა სულ მოუსვენრად გაატაროს და ცხადლივ თუ სიზმრად ბარათაშვილი ელანდებოდეს.“ (ეს მოგვაგონებს ტყვე ილიას და „მერანის“ ამბავს.)
ბარათაშვლის საკაცობრიო მნიშვნელობაზეც პირველად ილია ჭავჭავაძე მიუთითებს: „ნიკოლოზ ბარათაშვილმა ჩვენს აზრს, ჩვენს გულისთქმას, ჩვენს ჭკუა-გონებას დიდი განი და სიღრმე მისცა, კაცობრიობის წყურვილს ქართველიც თანამოზიარედ გაუხადა და კაცობრიული წყურვილის მოსაკლავ წყაროს ქართველიც დააწაფა.“
გავიდა საუკუნე. იმდენი რამ დაიწერა, შეიძლება ზოგს კიდეც გაუკვირდეს: ერთი პატარა ლექსთა კრებული აქვს, და რა სქელტანიან წიგნებს უძღვნიანო! მერე, გულიც ხომ პატარაა, მაგრამ რაც კი ქვეყნად წიგნი დაწერილა, ნახევარი გულს ეძღვნება! ბარათაშვილიც გულია საქართველოსი, და როგორც მიწას მზის ნათელი, ასევე ხალხს არ მოსწყინდება თავის რჩეულ შვილთა ამბების სმენა.
  გადის კიდევ 45 წელი. 1938 წლის 15 ოქტომბრის ადრიანი დილაა. დიდუბის პანთეონი ხალხითაა გაჭედილი. გადამსვენებელი კომისიის წევრები, ჩვენი მწერლები და მეცნიერები თუთიის კუბოდან იღებენ ნეშტს. იქვეა პოეტის დის, სიფიოს შვილი გიორგი სუმბათაშვილი. კაკლის ხის კუბო დაშლილია, შიგ თუთიის კუბოში ასვენია კარგად შენახულო ჩონჩხი, თავის ქალა, სამოსის ნაწილები... მწერლებს მთაწმინდის აღმართზე ხელით აჰყავთ ვინც 
ოდესღაც ასე მსუბუქად ადიოდა.
საუცხოო ამინდია. ილიას სამარის გვერდით მიწას აბარებენ წმინდა ნეშტს.
მთაწმინდაზე თენდებოდა.
იქვე  იყო განთიადის მახარობელი. „და ობლობის ცრემლს იწმენდდა მის საფლავზე საქართველო.“
ცის ნათელი ეფინება სამსავე სამარეს. აი, ეს მესამე, სამუდამო სავანეა მგოსნისა, ვისაც ასე უყვარდა მთაწმინდის მიწა და ცა. დუმს მიდამო და ჩინარი ჩინარს უასაკოთა ენით მოაგონებს: აქ განისვენებსო ჩვენი ბრძენი მესაიდუმლე, გაუხარელი მგოსანი - ტატო ბარათაშვილი, ჩვენი ხალხის დარდი და დიდება, რომელმაც რაინდული შემართებით დასძლია ეს დარდი და მზიანი დილა გვიწინასწარმეტყველა.
ბედი გაეხსნა მგოსნის ქმნილებას.


                                                                                 XI კლასის მოსწავლე
                                                                                       სალომე ძნელაძე
წყარო: აკაკი გელოვანის „სვეტი ნათლისა.“
               გიორგი აბზიანიძე „ნიკოლოზ ბარათაშვილი.“
               ზაზა აბზიანიძე „ლიტერატურული პორტრეტები (ქართული პოეზიის სამი საუკუნე)“